ხუთი ბრძენი ქალწული და დედა-ეკლესია (1400 წ, ლუბეკის მუზეუმი)

ხუთი ბრძენი ქალწული და დედა-ეკლესია (1400 წ, ლუბეკის მუზეუმი)

Friday, September 10, 2010

სურათხატოვანი აზროვნებისათვის ანუ რა აკავშირებს ექიმ ჰაუსს გალაკტიონთან

                                          

სურათხატოვანი აზროვნება არის ხილული გარემოს, საგნის, ამოცანის ვიზუალურად წარმოდგენა და მის ელემენტებთან გონებრივი მუშაობა ნამდვილი, „შეხებითი” ქმედების გარეშე.
აბსტრაქტული (ვერბალური) აზროვნებისაგან განსხვავებით, სურათხატოვან აზროვნებაში შესაძლებელია გაცილებით მეტი სისრულით აღვადგინოთ-დავინახოთ საგნის მრავალგვარი ფაქტობრივი ნიშან-თვისება. აზროვნების ამ სახეობის მნიშვნელოვანი ნაკვთია საგნისა და მისი თვისებების უჩვეულო, ხშირად ირეალურ ურთიერთმიმართებათა დადგენა. ამ გაგებით სურათხატოვანი აზროვნება ძლიერ უახლოვდება წარმოსახვას, ოღონდ, სურათხატოვანი აზროვნების ობიექტია ნამდვილი საგანი, მოვლენა, ხოლო წარმოსახვა არის მეხსიერებიდან საჭირო სურათის აღდგენა-გამოხმობა.
ნეირომეცნიერების კუთხით, სურათხატოვან აზროვნებაზე “პასუხისმგებელი” ტვინის რომელიმე ნახევარსფერო კი არა, ორივე ნახევარსფეროში განფენილი ე.წ. პირველი სასიგნალო სისტემაა*, რომელიც რეგირებს სიგნალზე “ს უ რ ა თ ი ”. სურათხატოვანი აზროვნება მყისიერი შედეგით ხასიათდება.
ერთი გავრცელებული შეხედულების მიხედვით, პირწმინდად სურათხატოვანი მოაზროვნეები არიან ცხოველები და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები. ამ სტერეოტიპის თანახმად, 5 წლიდან ურთიერთობის უნარის, ამ ნამდვილი განძის შეძენასთან ერთად პატარა ადამიანი თანდათან გადადის აბსტრაქტული (სიტყვიერი – ვერბალური) აზროვნების, ე.ი. მეორე სასიგნალო სისტემაში; მაგრამ საქმე ისაა, რომ ე.წ. მეორე სასიგნალო სისტემა ანუ ტვინის შუბლის წილი თითქმის 20 წლის ასაკამდე ჩამოუყალიბებელია - ის იზრდება და ვითარდება.
ბავშვი არ გადადის ერთი აზროვნებიდან მეორეში. აზროვნების უნიკალური ტიპი – ვერბალური – თანდათანობით აქტიურდება და ჭეშმარიტად აგვირგვინებს ანთროპოლოგიურ სუბსტანციას. ვერბალურს გვერდს უმშვენებს უფროსი („ასაკით”) ძმა – ვიზუალური, სურათხატოვანი აზროვნება და ბავშვები, უწინარესად, აზროვნებენ სწორედ პირველი (უადრესი და უაღრესად ახლობელი) სასიგნალო სისტემით; ამიტომაც, მოსწავლის შეშვება და “მიტოვება” წმინდა წყლის ვერბალური მიმართულებების, მეთოდების და სავარჯიშოების ნაკადში (ტრადიციული 4 ვეშაპი – მოსმენა, საუბარი, კითხვაწერა) არის საკმაოდ უპასუხისმგებლო მიდგომა. მით უფრო, ჩვენი სკოლის პირობებში...
განვითარებული სურათხატოვანი აზროვნება ნებისმიერი ნორმალურად ორგანიზებული ადამიანის ტვინის ფსიქიკის განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე ადამიანის გონება ნაკლულია. აქტიური სურათხატოვანი აზროვნებით, მისი ყველა გამოვლინებებით გამოირჩევიან შემოქმედი ნატურები, არა აუცილებლად ხელოვნების სფეროში. მაგალითად, გენიალური გამომგონებელი ნიკოლა ტესლა გონებაში აგებდა რთული მანქანა-მექანიზმების სამგანზომილებიან სურათებს და რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოიდგენდა მათ მუშაობას, გონებაში გამოცდიდა მათ. ეიდეტური წარმოსახვის ეს ხარისხი, ცხადია, ყოველთვის არ გვხვდება, მაგრამ პირდაპირ უკავშირდება განვითარებულ ხატოვან აზროვნებას; იმისათვის, რომ ოპერაცია ჩაატაროს, კარგმა ქირურგმა ჯერ წარმოსახვით უნდა “გაიაროს” ის. მერე, საოპერაციო მაგიდასთან თვალწინ ექნება საგანიც და სურათხატებიც.
დიმიტრი უზნაძე: „...ადამიანის აზრები, გრძნობები და საზოგადოდ მისი განცდები იმდენს თავისებურ იერს შეიცავენ, რომ სიტყვის საშუალებით მათი გამოხატვა, თუ სულ შეუძლებელი არა, ძალიან ძნელია მაინც. საჭიროა არაჩვეულებრივი გამოთქმის ნიჭი, რომ ყველაფერს ამას სათანადო გამოხატულება მოუპოვო. ეს კი მხოლოდ რჩეულთ ხვედრია; და სრულიად შეუძლებელია, ყველას მეტყველებაში სულიერ განცდათა თანაბრად ადეკვატური გამოხატულება სჭვრიტო”.
დიკენსი: „მე არა ვწერ შინაარს, არამედ ვხედავ მას და მერე ჩაწერაღა მრჩება”.
ეგზიუპერი: “წერა კი არა, ხედვა უნდა ისწავლო. წერა მხოლოდ შედეგია”.
ეზრა პაუნდი ერთი ღრმად განცდილი სურათხატის სიტყვით გამოხატვის სიძნელის გამო იხსენებს, როგორ გაანახევრა 30 სტრიქონიანი ლექსი, ბოლოს კი 8 სიტყვაღა შემორჩა:

IN A STATION OF THE METRO
The apparition of these faces in the crowd;
Petals on a wet, black bough.

მეტროს სადგურში
გამოცხადება ამ სახეების – უსახურ ბრბოში;
ფოთლების სიო სველ, მრუმე ტოტზე.

სწორედ ასეთმა “სურათხატოვანმა განწყობამ” ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ერთ-ერთ შესანიშნავ მიმდინარეობას პოეზიაში – იმაჟიზმს.

სურათხატოვანი მეხსიერების სისწრაფე თითქმის 10-ჯერ აღემატება აბსრაქტულ-ვერბალურისას.
სწორედ ამიტომ, ბუნებრივი და ორგანულია სწავლების ისეთი ტიპი, რომელიც ორივე სასიგნალო სისტემის მოხმობით სწრაფად და ხარისხიანად შეიმეცნებს ნებისმიერ მასალას. ესაა გზა მოაზროვნე, შემოქმედი გონებისაკენ.

* სასიგნალე სისტემები: პირველი, სინამდვილის სასიგნალო სისტემა - ის, რასაც ვფლობთ ჩვენი ბუნებრივი და სოციალური გარემოსაგან მიღებული შთაბეჭდილებების, შეგრძნებების და წარმოდგენების სახით, - გარდა სიტყვისა, რომელიც ქმნის მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ მეორე, პირობით სასიგნალო სისტემას.